U21 I ნიკა გაგნიძის ტრავმა მძიმე არაა, თუმცა ის ნიდერლანდებთან ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ნიკა გაგნიძეს მძიმე ტრავმა არ დაუდასტურდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ნიდერლანდებთან ბოლო ტურში ვერ დაეხმარება, – ფეხბურთელის მდგომარეობაზე ინფორმაცია გორის „დილას“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
21 წლის ნახევარმცველმა ევრო 2023-ზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან სრულად ითამაშა, ხოლო ბელგიასთან მეორე ტურში შეცვლაზე შესული გორის „დილას“ კაპიტანი 66-ე წუთზე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა.
„ბელგიასთან მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ ნიკა გაგნიძემ მოედანი ნაადრევად დატოვა. თავდაპირველად ეჭვი ჯვარედინი მყესის გაწყვეტაზე იყო, რაც მძიმე დაზიანებაა და, შესაბამისად, ხანგრძლივი პერიოდის გამოტოვებას ნიშნავდა.
თუმცა, საბედნიეროდ, გამოკვლევებმა აღნიშნული არ დაადასტურა. მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის ნიკას დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის დაუბრუნდება სავარჯიშო პროცესს“, – წერია „დილას“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.