U21 I ისრაელის ნაკრების მწვრთნელი - კმაყოფილი ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადაზე მოვხვდებით #1TVSPORT
ხვალ, 1 ივლისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, გაი ლუზონმა მოახლოებულ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა.
„მზად ვართ და ველოდებით ამ მომენტს, რომელიც ოლიმპიადაზე თამაშის საშულებას მოგვცემს. ჩემპიონატამდე ეს იყო ოცნება, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ეს რეალური მიზანი გახდა. რაც შეეხება შემადგენლობას, საქართველოსთან თამაშში მხოლოდ როი რაბივო ვერ დაგვეხმარება. მიზეზი ყვითელი ბარათების სიმრავლეა.
ჩვენ კმაყოფილები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ პარიზის ოლიმპიადაზე ვითამაშებთ. ჩეხეთთან მოგებამ გაგვახარა, მაგრამ ახლა მობილიზებულნი ვართ, რადგან ვიცით, რომ გაგვიჩნდა ისეთი უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ბევრს, შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ჰქონდეს.
სავსე ტრიბუნების წინაშე გვითამაშია. მოედანზე შესვლის მომენტში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი მოვა. ეს ჩვენში შიშს არ გამოიწვევს, რადგან ასეთ თამაშებში მონაწილეობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდით.
დაღლილობა ამ მომენტში წარმოუდგენელია. ერთხელ სადიო მანემ თქვა, რომ ყოველ ჯერზე „ლივერპულში“ ისე თამაშობდა, დასვენებას ვერ ახერხებდა. იურგენ კლოპმა ურჩია, ერთი-ორი კვირა დაესვენა, რაზეც უპასუხა, რომ არ უნდოდა, რადგან დაღლილობა მხოლოდ გონებაშია. ქართველებმა ჩვენთან შედარებით ერთი დღით მეტი დაისვენეს, მაგრამ ეს მათ უპირატესობას არ აძლევს.
კარიერაში ყველაზე დიდი თამაში მელის. ოლიმპიადა ჩემი ამბიციებისა და ოცნების მწვერვალია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ ისინი ფავორიტები არიან? მისი უფლებაა“, – განაცხადა გაი ლუზონმა.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს, ისრაელს 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.