U21 I ერვინ ვან დე ლოი - ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლეთ, მაგრამ გოლი ძალიან იოლად გავუშვით #1TVSPORT
ნიდერლანდების ახალგარზდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერვინ ვან დე ლოი იმედგაცრუებული დარჩა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ, რადგან გუნდი ტურნირს დაემშვიდობა. მისი თქმით, ნაკრები საგოლე მომენტების გამოუყენებლობამ დააღალატა.
„პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და ბევრი მომენტიც შევქმენით. კიდევ რა უნდა გაკეთდეს ამ მეტოქის წინააღმდეგ გოლის გასატანად? და მაინც, ტაიმის ბოლოს გაგვიტანეს და 1:0 ვაგებდით. ეს მატჩი არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, რაც პორტუგალიასთან მოგვივიდა.
ჩვენ თავად ვერ გავიტანეთ, მაგრამ ცუდი დაცვის გამო ძალიან იოლად გავუშვით. თუმცა, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სამ თამაშში მხოლოდ ორი გოლი გავიტანეთ? ასეთი დაბალი შედეგიანობა ევროპის ჩემპიონატზე საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ეს არის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი წარუმატებლად გამოსვლის მთავარი მიზეზი.
მატჩის მიწურულს დრო საქართველოს სასარგებლოდ თამაშობდა. ჩვენი ამოცანა უფრო და უფრო რთულდებოდა. დაცვაში თამაშს მეტ ყურადღებას აქცევდნენ და შემდეგ უფრო რთული გახდა მათ კართან შეღწევა. ვიბრძოდით და ბოლო ამოსუნთქვამდე ვცდილობდით თამაშის გადარჩენას, მაგრამ არ გამოგვივიდა. სამწუხაროა ეს შედეგი, რადგან აქ ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით.
ახალგაზრდულ ნაკრებში ჩემი ხუთწლიანი საქმიანობა მტკივნეულად დასრულდა. ახლა რთულია მუშაობის დადებითად შეფასება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შემიძლია კარგი განცდით გავიხედო უკან. ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ გავედით და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრები ისეთი გუნდი გახდა, რომელშიც თამაში ყველას უხაროდა“, – განაცხადა ვან დე ლოიმ.