U21 | ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, რიეკაში 21-წლამდელთა ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
კონტინენტის პირველობა 2025 წლის 11-28 ივლისს სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველოს გარდა, პლეი ოფის გავლით ფინალურ ტურნირზე ჩეხეთისა და ფინეთის ნაკრებებიც გავიდნენ. ევრო 2025-ზე ასევე ითამაშებენ: სლოვაკეთი, დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.
16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ტურნირის წილისყრას 3 დეკემბერს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე პირველად 2023 წელს მასპინძლის სტატუსით ითამაშა. გუნდს მაშინაც რამაზ სვანაძე წვრთნიდა. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ურთულესი ჯგუფიდან კონტინენტის რვა საუკეთესო ნაკრებში მოხვდნენ.