U21 | ესპანეთმა უკრაინა დაამარცხა და ბათუმში, ევრო 2023-ის ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება #1TVSPORT
U21 | ესპანეთმა უკრაინა დაამარცხა და ბათუმში, ევრო 2023-ის ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება #1TVSPORT

ბუქარესტში ევრო 2023-ის მეორე ფინალისტიც გაირკვა –  ესპანეთის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა.

ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და ქულები გაინაწილეს – 2:2. ნახევარფინალური შეხვედრა კი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ესპანეთი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველივე მწვავე კონტრშეტევაზე ანგარიში უკრაინამ გახსნა – მიხაილო მუდრიკის იერიში გუნდის კაპიტანმა, არტიომ ბონდარენკომ მე-13 წუთზე დააგვირგვინა, მაგრამ ესპანეთის ახალგაზრდულმა გუნდმა თამაში სულ რაღაც თერთმეტ წუთში შემოატრიალა. მე-17 წუთზე აბელ რუიზმა სწრაფი შეტევით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 24-ე წუთზე ეფექტური კომბინაციით გუნდი ოიჰან სანსეტმა დააწინაურა – 2:1.

მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 54-ე წუთზე „რეალის“ ნახევარმცველმა, ანტონიო ბლანკომ უკრაინელთა კარი მესამედ აიღო, ხოლო აიმარ ოროზიმ (68-ე წუთი) და სერხიო გომესმა (78) ანგარიში გამანადგურებელი გახადეს – 5:1.

ესპანეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ფინალში ინგლისს დაუპირისპირება, რომელმაც ბათუმში გამართულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ისრაელს 3:0 სძლია.

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი „ბათუმი არენაზე“ 8 ივლისს გაიმართება. ტიტულისთვის გადამწყვეტი შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.