20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერია 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში, ვერონასა და ტრევიზოში ჩატარდება და მასში ექვსი ერის (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ქვეყნების გარდა, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
კოვიდ პანდემიის გამო, აგერ უკვე სამი წელიწადია (2019 წლის შემდეგ) მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ვერ ტარდება. მისი აღდგენა 2023 წლიდან იგეგმება, მანამდე კი, მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით, ექვსი ერისა და იტალიის რაგბის კავშირის ორგანიზებით, ევროპაში ალტერნატიული რეგიონალური ტურნირი იმართება. მსგავსი ტურნირი ტარდება ოკეანეთშიც.
ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებში 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: ა ჯგუფში ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის და ირლანდიის ნაკრებები მოხვდნენ, ხოლო ბ ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის შემდეგ, გუნდები მეოთხე სათამაშო დღეს დაკავებული ადგილების მიხედვით ფლეი ოფის შეხვედრებს გამართავენ და საბოლოო ადგილებს გაითამაშებენ.
უმცროსი ბორჯღალოსნების ჯგუფური ეტაპის თამაშებს ტრევიზოში გამართავენ. 25 ივნისს მათი მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხდებით, 6 ივლისს კი შოტლანდიას. ფლეი ოფები 12 ივლისსაა ჩანიშნული.
ყველა, 16-ივე თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი Six Nations Rugby U20-ის YouTube-ს არხზე შედგება ფრანგულ, იტალიურ და ქართულ ენებზე.
ექვსი ერის დირექტორი ჯული პატერსონი:
„ექვსი ერი ზრუნავს რაგბის კავშირების, მოთამაშეების და მწვრთნელების განვითარებაზე და 20-წლამდელთა ზაფხულის სერიები ამისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მონაწილეობით, ექვსი ერის გუნდებს საკუთარი თავის სხვა გუნდებთან გამოცდის შესაძლებლობას აძლევს“.
ტურნირის ოფიციალურად გამოცხადებას გამოეხმაურა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე სერ ბილ ბომონტი:
„20-წლამდელთა ტურნირები ახალი ტალანტების განვითარებისთვის წარმატებული საშუალებაა. მოთამაშეები ადრეულ ასაკში იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და ტესტ-მატჩებისთვის ემზადებიან. 20-წლამდელთა ჩემპიონატის აღდგენამდე, მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენი წევრებისა და ექვსი ერის გუნდებს 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებში. იმედისმომცემ მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა ითამაშონ უმაღლეს დონეზე“.
იტალია შესანიშნავი ადგილია ელიტური ტურნირების ჩასატარებლად და მოხარულები ვართ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიის მასპინძლობის უფლება რომ გვერგო. ექვს ერთან ერთად შევარჩიეთ ვენეტოს რეგიონი, რომელიც იტალიური რაგბის სამშობლოა. მომავალ მსოფლიო ვარსკვლავებს ტრევიზოსა და ვერონაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის კარგი შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის მოვლენა, რომელიც არცერთმა რაგბის გულშემატკივარმა არ უნდა გამოტოვოს“ – განაცხადა იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარციო ინოჩენტიმ.
ევროპის უძლიერეს გუნდებთან და სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შესაძლებლობით კმაყოფილია საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე:
„პანდემიიდან გამომდინარე ყველა გუნდს დიდი ჩავარდნა ქონდა, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ექვსი ერის ქვეყნები მაინც ახერხებდნენ ერთმანეთში თამაშს. ჩვენც ვითამაშეთ სამხრეთ აფრიკის ტურნირზე, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დონესთან ის ახლოსაც ვერ მივა. სასიხარულოა, რომ ექვსი ერსა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად, ამ ტურნირში ჩართვის საშუალება მოგვეცა, რადგან 2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ურთულესი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი – ელიტაში ადგილის შენარჩუნება და პროგრესი. ამხელა ჩავარდნის შემდეგ მიზნის მიღწევა რთული იქნება და ეს ტურნირი განვითარებაში, მომავალი წლისთვის მომზადებაში დაგვეხმარება. ასევე ფაქტია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე რეგულარული თამაშით, ეროვნულ გუნდმა შევსების სახით დიდი ძალა მიიღო“.
ჩვენთვის პატივია, რომ ექვსმა ერმა მერვე გუნდად საქართველო მიიწვია და არა ვინმე სხვა. „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, მეორედ ვართ ექვსი ერის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, ახლა უკვე ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე. ეს კარგი ტენდენციაა, რადგან ექვსი ერი თავისი წევრების შემდეგ ევროპაში საუკეთესო გუნდად საქართველოს მოიაზრებს. სასიამოვნოა ასე რომ გვიყურებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ, განვვითარდეთ და ელიტურ ქვეყნებს გავუტოლდეთ“.
ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიები 2022
ა ჯგუფი
საფრანგეთი
ირლანდია
ინგლისი
სამხრეთ აფრიკა
24 ივნისი
ინგლისი – სამხრეთ აფრიკა
საფრანგეთი – ირლანდია
29 ივნისი
საფრანგეთი – ინგლისი
ირლანდია – სამხრეთ აფრიკა
5 ივლისი
საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა
ირლანდია – ინგლისი
ბ ჯგუფი
შოტლანდია
უელსი
იტალია
საქართველო
25 ივნისი
შოტლანდია – უელსი
იტალია – საქართველო
30 ივნისი
შოტლანდია – იტალია
უელსი – საქართველო
6 ივლისი
შოტლანდია – საქართველო
უელსი – იტალია
ფლეი ოფები. 12 ივლისი
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი