ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკასთან დაძაბულ შეხვედაში დამარცხდნენ.
ტურნირის პირველი სენსაციასთან ქართველი მორაგბეები ძალიან ახლოს იყვნენ.
დაპირისპირების პირველი ლელო ფავორიტებმა დადეს. მე–9 წუთზე ლელო სიმელანემ მიითვალა, რომელმაც საქართველო შარშან, თბილისშიც დაალელოვა.
“ბორჯღალოსნები” წინ პირველად მე–14 წუთზე გავიდნენ, როდესაც ლომიძის ლელო აფრასიძემ გარდასახა. 26–ე წუთზე კვლავ სამხრეთ აფრიკელები დაწინაურდნენ (უისი) 10:12. ტაიმის დასრულებამდე მეტოქეს ბურთი სვანიძემ ჩაუჭრა და საქართველომ პირველი ნახევარი 17:12 მოიგო.
მატჩის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკელებმა ტემპს უმატეს და პირველ 10 წუთში ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” ორჯერ დაალელოვეს. 55–ე წუთზე უისმა დუბლი გაიფორმა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვიტა 33:20.
“ბორჯღალოსნები” ჩამორჩენამ არ შეაშინა და საქართველო შეხვედრაში 67–ე წუთზე, დვალიშვილის ლელოთი დაბრუნდა.
მატჩის ბოლო ათი წუთი სამხრეთ აფრიკელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს, ქართველი თანატოლები საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს და ქულის მოპოვების შანსი არ მისცეს.
“ბორჯღალოსნებმა” შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბონუს ქულა დაიმსახურეს.