U16 I საქართველოს ნაკრებმა სან მარინო დაამარცხა და მთავარი პრიზისთვის სლოვენიასთან იბრძოლებს #1TVSPORT
U16 I საქართველოს ნაკრებმა სან მარინო დაამარცხა და მთავარი პრიზისთვის სლოვენიასთან იბრძოლებს #1TVSPORT

სან მარინოში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მეორე შეხვედრაში მასპინძელ ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მერვე წუთზე გახსნა – სტანდარტულის გათამაშების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში სამეულ ფორჩელინიმ ჩაჭრა. სხვაობა ორამდე ნიკა სურგულაძემ გაზარდა, რომელმაც 34-ე წუთზე სან მარინოელთა კარში ბურთი თითქმის მოედნის ცენტრის ხაზიდან მოათავსა.

მესამე გოლი გიგა ნიკვაშვილის შესრულებული კუთხურის შედეგად გავიდა – სან მარინოს კარი თავური დარტყმით დავით გოგილაშვილმა (65) აიღო. მასპინძლებმა ენეა სემპერლოტის გოლით (73) სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საბოლოო ანგარიში დამატებული დროის პირველ წუთზე გიორგი მჟავანაძემ დააფიქსირა – 1:4.

ტურნირის პირველ მატჩში გიორგი ჩიტაურის გუნდმა მონტენეგროს 2:0 სძლია და ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულით პირველ ადგილს იყოფს სლოვენიასთან. ტურნირის გამარჯვებული ამ გუნდების შეხვედრაში გაირკვევა. საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებები ერთმანეთს 9 აპრილს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაუპირისპირდებიან.