“ვანკუვერ კენაქსის” ფორვარდებმა, შვედმა ტყუპმა ძმებმა, დანიელ და ჰენრიკ სედინებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებენ. 37 წლის სედინები “ვანკუვერში” 2000 წლიდან თამაშობენ. დანიელი 1999 წლის დრაფტზე მეორე ნომრად აირჩიეს, ჰენრიკი – მესამედ.
დანიელ სედინმა NHL-ში 1303 მატჩი ჩაატარა და 1038 ქულა (391+647) დააგროვა, ჰენრიკმა – 1068 ქულა (240+828) 1327 მატჩში. ძმებს მეორე და მესამე ადგილები უკავიათ კანადური კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში.
ჰენრიკ სედინი 2009-10 წლების სეზონში საუკეთესო ბომბარდირი და MVP გახდა, მომდევნო სეზონში საუკეთესო ბომბარდირის პრიზი დანიელმა მიიღო. ძმებმა 2011 წელს სტენლის თასის ფინალში ითამაშეს.
სედინებმა შვედეთის ნაკრებთან ერთად 2006 წელს ოლიმპიური თამაშები მოიგეს, 2013 წელს – მსოფლიოს ჩემპიონატი.
6 აპრილს, სედინები ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებენ NHL-ში (“არიზონასთან”), 8 აპრილს კი “ედმონტონთან” მატჩით დაასრულებენ კარიერას.