ტყავაძემ „სიონი“ დატოვა - „გუნდს მოუწევს იგივე მიზნებისთვის ბრძოლა, რაც ჩემთვის მოტივაცია აღარაა
ბოლნისის „სიონი“ ბუბა ტყავაძემ დატოვა. კლუბის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მომხდარის მიზეზები „სიონის“ ოფიციალურ გვერდთან განმარტა.
„ამ გადაწყვეტილების მიღება სამწუხაროა, რადგან „სიონში“ ორი წელი ვიმუშავე. პირველ წელს დავისახეთ მიზანი, რომ უმაღლეს ლიგაში გადმოვსულიყავით, რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ეს ერთად შევძელით. მეორე წელს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი საკუთარ მოედანზე არ თამაშობდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა. ახლა, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩა და თავისი განახლებული მინდორიც აქვს, საჭირო იყო სხვა ეტაპზე გადასვლა, რათა გუნდის განვითარება არ შეჩერებულიყო და უფრო მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა. იმ მოცემულობაში, რაც დღეს არის ბოლნისის „სიონში“, სამწუხაროდ, ჩავთვალე, რომ ეს შუძლებელია და გუნდს მოუწევს იგივე მიზნებისთვის ბრძოლა, რაც ჩემთვის მოტივაცია აღარაა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გუნდიდან წამოვსულიყავი“, – ამბობს ტყავაძე.
ბოლნისელთა ყოფილმა დირექტორმა გუნდის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა: „მადლობა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, რომლებიც ამ ორი წლის განმავლობაში პროფესიონალურად უდგებოდნენ თავის საქმეს. ასევე მადლობა ყველა თანამშრომელს და გუნდის გულშემატკივარს. საფეხბურთო კლუბ „სიონს“ მომავალში წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ“.