საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ თურქეთიდან დაბრუნდა და სეზონისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მიქაძის გაწვრთნილები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 24 თებერვალს საგარეჯოს „გარეჯის“ წინააღმდეგ გამართავენ. გუნდში რამდენიმე სიახლეა.
„საბურთალოს“ მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი იჯარის წესით კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. 23 წლის მეგრელიშვილი თბილისური გუნდის აღზრდილია, იყო საქართველო 17 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი.
„საბურთალომ“ შეკრების შემდეგ დერეკ აგიაკვა დაიმატა. 22 წლის ცენტრალურმა მცველმა საკონტროლო თამაშებში თავი გამოიჩინა და კონტრაქტი გაუფორმეს.
წარმოშობით განელი ნიდერლანდების მოქალაქეცაა, ის „ტვენტეს“ აკადემიაში აღიზარდა. თბილისელთა ახალწვეულს უთამაშია „უოტფორდის“ 23-წლამდელთა გუნდში, იტალიურ „კომოსა“ და ინგლისურ „პორტვეილში“.