თუშიშვილმა მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იგი მეოთხედფინალამდე წარმატებულად ასპარეზობდა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში კუბელ ენდი გრანდასთან გდება გაუშვა და იპონით დამარცხდა.

თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან განაგრძო, სადაც უზბეკი იუსუპოვი იპონით დაამარცხა. ქართველმა ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ყირგიზ რახიმოვს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატზე მეოთხე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) დაიკავეს.