თუშიშვილმა და სომხიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს [ვიდეო] #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად მძიმეწონოსნები – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი ასპარეზობდნენ. ტურნირზე პირველი გამარჯვების შემდეგ თუშიშვილი მერვედფინალში იაპონელ საიტოს შეხვდა. ქართველმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ თავისსავე ილეთზე შებოჭვით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.
შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა სომხიშვილიც – მან მერვედფინალში თურქ საიტთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.
მსოფლიო პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ჩვენი გუნდისთვის დასრულებულია. ამ დროისათვის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, მამაკაცთა შორის კი სიის სათავეშია.
ხვალ, 14 მაისს დოჰაში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდი პირველ დაპირისპირებას მონღოლეთის ძლიერ ნაკრებთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კი 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება. საქართველოს ნაკრების ჯგუფში გამოდის იაპონიის ეროვნული გუნდიც, რომლის პირველი მეტოქე სამხრეთ კორეა იქნება.