თუშიშვილმა და სომხიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად მძიმეწონოსნები – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი ასპარეზობენ.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა თუშიშვილმა, რომელმაც უზბეკი ბახტიოროვი დაამარცხა. მერვედფინალში ქართველის მეტოქე იაპონელი საიტო იქნება. სომხიშვილმა მეორე ეტაპზე პოლონელ ვოლზჩაკს ორი ვაზარით სძლია და მერვედფინალში თურქ საიტთან იჭიდავებს.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.