თურქული პრესა - „ფენერბაჰჩეს“ კიტეიშვილის ტრანსფერში მილიონი ევრო მოსთხოვეს
სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა. საქართელოს ნაკრების ნახევარმცველის ამჟამინდელი კლუბი, გრაცის „შტურმი“, მის ტრანსფერში მილიონ ევროს ითხოვს – ინფორმაციას თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც „ფენერბაჰჩემ“ მაქს კრუზეს მაგივრად მე-10 ნომრის პოზიციაზე მოთამაშის ძებნა დაიწყო, ჰორიზონტზე გრაცის „შტურმის“ ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გამოჩნდა. ეს ერთ-ერთი გვარია, რომლის ტრანსფერზეც გუნდში მუშაობა უკვე დაწყებულია“ – წერს გამოცემა.
„ჰურიეთის“ მტკიცებით, სტამბოლის გუნდს ოთარ კიტეიშვილის აყვანას ორი წლის წინ ძმები არველაძეები ურჩევდნენ.
„არის ინფორმაცია, რომ გრაცის გუნდში 2018 წელს თბილისის „დინამოდან“ გადაყვანილ 24 წლის ნახევარმცველზე „ფენერბაჰჩეს“ ინფორმაცია ძმებმა, შოთა და არჩილ არველაძეებმა მიაწოდეს, რომლებსაც თურქეთში ძალიან კარგად იცნობენ. არველაძეებმა ოთარი ძალიან კარგად დაახასიათეს. მოლაპარაკება ჯერ კიდევ გასულ სეზონში მიმდინარეობდა და ცნობილია, რომ „შტურმი“ ქართველი მოთამაშის ტრანსფერში დაახლოებით 1 მილიონი ევროს ითხოვს“ – ამტკიცებს „ჰურიეთი“.
თურქული გამოცემა ქართველ ფეხბურთელს ასე ახასიათებს: „ოთარი ძალიან ტექნიკური მოთამაშეა, რომელიც ორივე ფეხით ურტყამს. მას ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება. ქართველმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის საქართველოს ნაკრების წევრია, რომლის ფორმითაც 16 მატჩი ჩაატარა“.