თურქული გამოცემა - „ბეშიქთაში“ „დინამოს“ ნინუას ტრანსფერზე 800 ათას ევროდ შეუთანხმდა
„სუპერლიგის გრანდმა „ბეშიქთაშმა“ თბილისის „დინამოს“ 21 წლის ნახევარმცველთან, გუნდის კაპიტან ნიკა ნინუასთან ხელშეკრულება გააფორმა“, – ინფორმაციას გამოცემა ensonhaber ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტამბოლის გუნდი პანდემიის პერიოდში ფინანსურ პრობლემებს განიცდის და საკადრო საკითხების გადაწყვეტას ამის მიხედვით ცდილობს.
„მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგის მატჩები გრძელდება, გუნდები ახალი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან. ცნობილი გახდა, რომ „ბეშიქთაშს“ სურს, მომდევნო სეზონში დაბალბიუჯეტიანი გუნდი ჩამოაყალიბოს. გუნდს ამიტომ უნდა, რომ თბილისის „დინამოდან“ ნიკა ნინუა დაიმატოს“, – წერს თურქული გამოცემა.
ensonhaber თბილისის „დინამოს“ კაპიტანს ასე ახასიათებს: „ნიკა ნინუა, რომელიც თბილისის „დინამოში”“4 სეზონი თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ 21 წლისაა და უკვე გუნდის კაპიტანია. ნინუა, რომელმაც გასულ სეზონში თბილისის „დინამოში“ 36 თამაში ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ფეხბურთელი, რომლსაც გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის დეკემბერში ეწურება, გასულ სეზონში საქართველოს ლიგაში წლის ფეხბურთელად აირჩიეს“.
Ortacizgi.com კი ამტკიცებს, რომ გუნდები კონკრეტულ თანხებზე შეთანხმდნენ: „ჩვენი ინფორმაციის თანახმად, „ბეშიქთაშმა“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისის „დინამოსთან“ ნიკა ნინუასთან ტრანსფერზე, რომლის მიხედვითაც ქართული გუნდი 800 ათას ევროს მიიღებს, ქართველი ნახევარმცველი კი სტამბოლის გუნდში 5 წლით ითამაშებს და წელიწადში 300-350 ათას ევროს მიიღებს“.