საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში ბოლო თამაშები მაღალ დონეზე ჩაატარა და მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
გამოცემა „საბაჰის“ მიმომხილველმა ომერ ურუნდულმა ქართველის გადაყვანა „ფენერბახჩეს“ მას შემდეგ შესთავაზა. მისი აზრით, გუნდი საჩემპიონო შანსებს მსგავსი ტრანსფერით მოიპოვებს.
„ამჟამად „ფენერბახჩეს“ საკადრო პრობლემები აშკარაა. გუნდს ფლანგის თავდამსხმელების შეცვლა სასწრაფოდ სჭირდება. მე მაქვს წინადადება, დაიმატონ ფეხბურთელი, რომელიც გუნდის გააძლიერებს – საბა ლობჟანიძე, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება”, – წერს ომერ ურუნდული.
თურქი მიმომხილველი მის პლუსებზე ლაპარაკობს: „26 წლის ფეთქებადი ქართველი ორივე ფლანგზე თამაშობს. მას „ანკარაგუჯუსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. „ფენერბახჩეს“ ეს ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ შეუძლია განახორციელოს, თანაც, საკმაოდ მცირე სატრანსფერო საფასურს გადაიხდის“.
საბა ლობჟანიძე „ანკარაგუჯუში“ გასული სეზონის შესვენებაზე დანიური „რანდერსიდან“ დაიმატეს – მის ანგარიშზე 26 მატჩი , 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.