თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურში სამივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, ერთ-ერთ შეხვედრაში კი მეტოქეები ქართველების გუნდები იყვნენ.
„კარაგუმრუკმა“ „კონიასპორი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდში 86-ე წუთზე ვატო არველაძე გამოჩნდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში კი ლევან შენგელია იყო, რომელიც 56-ე წუთზე შეცვალეს.
„ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომლის გუნდმაც საშინაო არენაზე თურქეთის მოქმედ ჩემპიონს, „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
18 ტურის შემდეგ თურქეთის სუპერლიგის ლიდერი 34 ქულით „ბეშიქთაშია“, რომელსაც ორი მატჩი გამოტოვებული აქვს. პანდემიის გამო, 18 შეხვედრა არც ერთ გუნდს არ ჩაუტარებია. „კარაგუმრუკი“ (17 მატჩი, 24 ქულა) მერვე ადგილზეა, „კონიასპორი“ (17 მატჩი, 22 ქულა) – მეათეზეა, ხოლო „ანკარაგუჯუ“ (17 მატჩი, 15 ქულა) – მეცხრამეტეზე.