თურქეთში ის ფეხბურთელები რჩებიან, რომლებსაც ქურდობას აბრალებდნენ
თურქეთში ის ფეხბურთელები რჩებიან, რომლებსაც ქურდობას აბრალებდნენ

საფეხბურთო კლუბი „ცხინვალმა“ თურქეთში შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ანთალიაში დარჩა ის ხუთი მოთამაშე, რომლებსაც თურქული მედიის ცნობით, ქურდობას აბრალებდნენ.

„ეს ფეხბურთელები რეალურად, არც დაუკავებიათ. ისინი გამოკითხეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაგრამ ქვეყნიდან რამდენიმე დღით გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი ჰქონდათ და გუნდთან ერთად ამის გამო ვერ ჩამოვიდნენ. მაგრამ თურქეთში 1 მარტამდე დარჩებიან, ყველა ფორმალურ საკითხს მოაგვარებენ და დაგვიბრუნდებიან. მათთან ერთად დარჩა გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან სანიკიძე, რომელიც საკითხს აგვარებს“ – ეს პირველ არხთან კლუბის პრეს-ატაშემ, ზურაბ კარტოზიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალის“ ხუთ ფეხბურთელს სამართალდმცავებთან პრობლემები თურქეთის ქალაქ ანთალიის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეექმნათ, მათ ქურდობის ბრალდება წაუყენეს.

კლუბის ცნობით, სავაჭრო ცენტრში გაუგებრობა მოხდა და ფეხბურთელებმა ყველა სადავო ნივთის შეძენის დამდასტურებელი ჩეკი წარადგინეს, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ბრალდებების წარდგენაზე უარი განაცხადა.