თურქეთის ნაკრების მწვრთნელი - დარწმუნებული ვარ, რომ ევრო 2024-ზე თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში #1TVSPORT
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ტურნირთან დაკავშირებულ მოლოდინზე World Soccer Magazine-თან ისაუბრა.
„ჩვენი პირველი მიზანი ევრო 2024-ზე მოხვედრა იყო და გვიხარია, რომ ეს შევძელით. ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული იქნება თურქი გულშემატკივრებისთვის და დარწმუნებული ვარ, ტურნირის განმავლობაში თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.
მსურდა, ტურნირზე 4-2-3-1 სისტემით მეთამაშა, თუმცა უპირატესობას მივანიჭებ ისეთ ტაქტიკას, რომელიც ფეხბურთელებისთვის უფრო ოპტიმალური იქნება. რაც შეეხება ფავორიტებს, ჩემი აზრით, საფრანგეთი ყველას აღემატება.
მიხარია, რომ ჩვენი გუნდის კაპიტანი ჰაკან ჩალჰანოღლუა. ის ამჟამად საუკეთესოა თავის პოზიციაზე არა მხოლოდ იტალიაში, არამედ, შესაძლოა, მსოფლიოშიც. მას აქვს შესანიშნავი ინტელექტი და თამაშის კითხვის კარგი უნარი. იმედია, ეს ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება“, – განაცხადა თურქეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა.
საქართველოსა და თურქეთის მატჩი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს დორტმუნდში ჩატარდება.