თურქეთის ნაცვლად სამშობლოს სახელით - ზურაბ გიგაშვილი საქართველოს 21-წლამდელებში ითამაშებს #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 29 მარტს გორში ბელარუსთან დაგეგმილი მატჩისთვის 19 წლის მცველი ზურაბ გიგაშვილი გამოიძახა. შეიძლება ითქვას, გიგაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში ისევე მოხვდა, როგორც ეროვნულ გუნდში გიორგი მიქაუტაძე.
გიგაშვილი თბილისში დაბადებულია, მაგრამ კარიერა თურქეთში, „ანკარაგუჯუში“ (სადაც ახლა საბა ლობჟანიძე თამაშობს) დაიწყო, 2020 წელს კი რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვში“ გადავიდა და უკვე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. ახალგაზრდა მცველი საქართველოს პირველ არხთან აცახდებს, რომ მისთვის ეს მიწვევა დიდი სტიმულია.
„ნაკრების ფორმის მორგება ფეხბურთელისთვის სხვა ბედნიერებაა. მწვრთნელის ნდობა ძალიან სასიამოვნოა და შევეცდები იმედები გავამართლო. მიხარია, რომ საქართველოს სახელით ვითამაშებ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიგაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს თურქეთის სახელით თამაშს სთავაზობდნენ, მაგრამ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა:
„თურქი აგენტებიდან იყო შემოთავაზება, მითხრეს, რომ ასეთი შანსი რეალური იყო, მაგრამ მე საქართველოს გარდა, არც ერთი ქვეყნის სახელით თამაში არ მსურდა“.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წლის პირველი შეხვედრა ბელარუსთან 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. Covid 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.