საჩხერის „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვახტანგ თურმანიძე საჩხერის „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს, იგი დღეიდან „ჩიხურას“ აკადემიას უხელმძღვანელებს. კლუბის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ვახოს მომავალ საქმიანობაში“, – წერია „ჩიხურას“ ოფიციალური გვერდის ინფორმაციაში.
„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვახტანგ თურმანიძე 2020 წლის იანვარში დაინიშნა, როდესაც გუნდი გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ დატოვა, მაშინ გუნდი ეროვნულ ლიგაში იყო.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა სპეციალისტმა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ „ჩიხურას“ ვერ უშველა და გუნდი ეროვნულიდან ლიგა 2-ში დაქვეითდა, მიმდინარე სეზონში კი საჩხერული კლუბი რანგით მეორე ლიგაშიც ბოლო ადგილზეა. პირველი წრის შემდეგ გუნდმა 9 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა. ბოლო ტურში მარტვილის „მერანთან“ 2:3 დამარცხდა.