თურმანიძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველმა ფალავანმა რამაზ თურმანიძემ (57 კგ) უკრაინელ კერიმოვს 5-3 მოუგო და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გიორგი ელბაქიძემ (70 კგ), გოგა მამიაურმა (79 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) კი სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლებისათვის საკუთარი ორთაბრძოლები დათმეს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ქართველი მოჭიდავე თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ) ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალში მან გერმანელი მეტოქე 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სომეხ რაზმიკ პაპიკიანს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ ვლადიმერ გამყრელიძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ). მათ ნახევარფინალები დათმეს რუს და თურქ სპორტსმენებთან. ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.