ტურინის „იუვენტუსს“ ხვიჩა კვარაცხელიას ჩაშლილი ტრანსფერი გაუხსენეს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ წაგების (1:5) შემდეგ გააკრიტიკეს, რადგან, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესების მიუხედავად, ამ ტრანსფერზე უარი თქვა. ტურინელებმა ქართველი გარემარბის შეძენის საკითხი 2019 წელს განიხილეს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, არ აეყვანათ.
Calciomercato – გმირი კვარაცხელია „იუვენტუსის“ წინააღმდეგ
დეკემბრის ამხანაგური მატჩებისა და სერია A-ში 2023 წელს ჩატარებული ორი თამაშის შემდეგ ალაპარაკდნენ, რომ სეზონის შესანიშნავი პირველი ნაწილის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გაუფერულდა. კრიტიკოსებს ქართველმა პასუხი „იუვენტუსთან“ დამაჯერებელი თამაშით გასცა – „კვარამ“ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა, ორი საგოლე პასიც გააკეთა და პირველ გოლშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო. ხვიჩას ყველა ტურნირზე 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ქართველი ელეგანტურად დაბრუნდა.
„ნაპოლიში“ გადასვლამდე კვარაცხელიას „იუვენტუსში“ მოხვედრის შანსი ჰქონდა. 2021 წელს ტურინელები „რუბინთან“ თითქმის შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ყაზანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვეს და „იუვენტუსმა“ მისი შეძენისგან თავი შეიკავა.
გასულ ზაფხულს „ნაპოლიმ“ კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ დაახლოებით 10 მილიონ ევროდ იყიდა. მანამდე, 2019 წელს, მაურიციო სარიმ ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია და ტურინელებს მისი შეძენა ურჩია, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა – „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობამ 20 მილიონი ევროს გადახდისგან თავი შეიკავა. იტალიაში 21 წლის ფეხბურთელმა 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ნაპოლისთან“ 1:5 წაგების შემდეგ ყაზანის „რუბინმა“ თავის Tik Tok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კვარაცხელიას „იუვენტუსის“ მაისური აცვია და მას ასეთი წარწერა დაურთო – „იუვე 2021 წელს: 20 მილიონი კვარაცხელიას სანაცვლოდ ძალიან ბევრია“.
საინტერესოა, რომ „რუბინმა“ 2020 წლის ბოლოს საახალწლო კლიპი ჩაწერა, სადაც კვარაცხელია ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი გახლდათ – ხვიჩა კლიპში „დორტმუნდის“, „იუვენტუსისა“ და „გალათასარაის“ მაისურებით გამოჩნდა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ კლუბების დაინტერესების შესახებ, რასაც ბევრი ტყუილს უწოდებდა.