თუ სეზონში ათ მილიონ ევროს არ გადაუხდიან, რიუდიგერი „ჩელსიდან“ წასვლას აპირებს #1TVSPORT
„ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი ლონდონურ კლუბს 2022 წლის ზაფხულში დატოვებს, თუ წელიწადში ათ მილიონ ევროს არ გადაუხდიან, – იუწყება „მარკა“.
გამოცემის ინფორმაციით, რიუდიგერის ანაზღაურება სეზონში 6.5 მილიონ ევროს შეადგენს და ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თანხის ათ მილიონმდე გაზრდას ითხოვს. „ჩელსის“ გერმანელ ლეგიონერს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თუ მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, გუნდიდან წასვლას აპირებს.
28 წლის ფეხბურთელით „ბაიერნი“ და „რეალია“ დაინტერესებული, თუმცა, ცნობილია, რომ თავად რიუდიგერის სიმპათია „სამეფო კლუბისკენ“ იხრება.
პრემიერლიგის ახალ სეზონში ანტონიო რიუდიგერმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის ავტორი გახდა.