თუ იტალიაში ვარჯიშებისას თუნდაც ერთი ადამიანი დაინფიცირდება, სეზონი არ განახლდება
იტალიის 2019-20 წლების საფეხბურთო სეზონი, შესაძლოა, საბოლოოდ გაუქმდეს, თუ ჯგუფური ვარჯიშების განახლების შემდეგ, თუნდაც ერთი ადამიანი კორონავირუსზე დადებით ტესტს ჩააბარებს – არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ფეხბურთელი თუ კლუბის თანამშრომელი. ამის შესახებ იტალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ზამპამ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთი ფეხბურთელის დაინფიცირების შემთხვევაში, 15-დღიან იზოლაციაში მთელი გუნდი უნდა წავიდეს.
„ეჭვგარეშეა, რომ თუ კლუბში ვინმე კორონავირუსზე დადებით ტესტს ჩააბარებს, მთელი სეზონი გაჩერდება. ყველა ავტომატურ კარანტინში წავა. თუ თქვენ თავად არ გაჩერდებით, ვირუსი გაგაჩერებთ. ფეხბურთის სიყვარული ნიშნავს იმათზე ზრუნვას, ვინც იქ მუშაობს.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლაპარაკობენ სერია A-ს განახლებაზე, ეკონომიკურ ზარალს უკავშირდება“, – განაცხადა ზამპამ „ფუტბოლ-იტალიასთან“ კომენტარში.
რამდენიმე დღის წინ, „ფიორენტინამ“ კლუბში კორონავირუსით დაინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.