თუ ფორმა დაიბრუნა, ჩვენს ნაკრებს ძალიან ძლიერი შეტევა ეყოლება - ჯამარაულმა ნაკრებისთვის ჩაკვეტაძის მნიშვნელობაზე ისაუბრა #1TVSPORT
გოჩა ჯამარაულმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებზე გააკეთა კომენტარი. საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის შეფასებით, ვილი სანიოლმა ოპტიმალური შემადგენლობა გამოიძახა.
„შემადგენლობა ოპტიმალურია იმით, რომ კვარაცხელია არის წინ და მამარდაშვილი გვეყოლება კარში. ლორიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარში მამარდაშვილი იქნება. ძალიან დიდი საქმეა, ასეთი მეკარე რომ გვყავს. „ვალენსიაში“ მამარდაშვილის თამაშს ვუყურებ და ეს ბიჭი კარში ძალიან მაგრად დგას. კარში ასეთი მეკარე, წინ კი კვარაცხელია – დიდი იმედია. პლუს იქ სხვა კარგი ფეხბურთელები არიან – კაშია… ყველას ვერ ჩამოვთვლი. ბიჭებმა თავადაც იციან, რომ მაკედონიასთან შეხვედრა თბილისში მოსაგებია. ამიტომ გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს თამაში მოვიგოთ.
სხვათა შორის, დიდი მნივნელობა აქვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერი ელმასი „ნაპოლიშია“, მაგრამ იქ ძირითადში ქართველია და თანაც, ლიდერია. ამას ფსიქოლოგიუარდაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედია, (ჯგუფში გამარჯვების) ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. ზივზივაძე თუ მიქაუტაძე? ამ მომენტისთვის ვისაც მეტი გოლი აქვს გატანილი, ის უნდა დააყენოს. ამ საგოლე ალღოს ზივზივაძეს უფრო ვატყობ – ნაკრებშიც და კლუბშიც, მაგრამ მიქაუტაძეც კარგად თამაშობს და კარგია, რომ თავდასხმაში ასეთი მოთამაშეები გვყავს.
ჩაკვეტაძის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ცხოვრობს და ვარჯიშობს. მე ეს არ ვიცი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, იყოს ისეთი, როგორიც ადრე გვახსოვს. ეს მასზეა დამოკიდებული. როდესაც ფორმაში არაა, შესაძლოა, პირველი 10-15 თამაში ადგილზე იტრიალოს, მაგრამ შემდეგ ფორმაში შევა და ამის იმედი მაქვს. ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩაკვეტაძე გახდეს ის, ვინც იყო. რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ ასე მოხდა, ჩვენს ნაკრებს ძალაინ ძლიერი შეტევის ხაზი ეყოლება“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გოჩა ჯამარაულმა.