თსუ-ს კანცლერი - ზოგიერთმა ქვეყანამ ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის მატჩების მასპინძლობაზე უარი განაცხადა
თსუ-ს კანცლერი - ზოგიერთმა ქვეყანამ ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის მატჩების მასპინძლობაზე უარი განაცხადა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე ამბობს, რომ თსუ ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის 2020/21 სეზონის გათამაშების წინასწარ ტურში უნგრეთის ჩემპიონს, „ბერეტიუიფალუს“ 28 ნოემბერს თბილისში იმიტომ უმასპინძლებს, რომ ამის მზადება საქართველომ გამოხატა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ მატჩების მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

„იმ კალათაში მოხვდით, სადაც პოლონური და უნგრული გუნდები იყვნენ. მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე მასპინძლობაზე უარი განაცხადა. ჩვენ კი ფეხბურთის ფედერაციასთან ვითანამშრომლეთ, მზაობა გამოვხატეთ და არანაირი პობლემა არ გვქონია“, – აცხადებს საღინაძე.

ის ამბობს, რომ თსუ-ს მოსამზადებლად კარგი იქნებოდა, ჩემპიონატი განახლებული რომ ყოფილიყო.

„ჩემპიონატი აგვისტოში დასრულდა და კარგი იქნებოდა, ჩვენს გუნდს ამხანაგური შეხვედრები რომ ჩაეტარებინა. სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა და ჩემპიონატიც არ განახლებულა. ჩვენ გუნდს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვამზადებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიჭები ამ მატჩის მოსაგებად მაქსიმუმს გაიღებენ და შემდეგ ეტაპზე გავალთ“, – ამბობს საღინაძე.