თსუ-მ ფიბა-ევროპის თასზე გამოსვლა „ვარეზესთან“ მატჩით დაასრულა #1TVSPORT
ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თსუ-მ იტალიურ „ვარეზეს“ უმასპინძლა. ფავორიტები იტალიელები იყვნენ და გაიმარჯვეს კიდეც – 94:81.
თუმცა, ისევე როგორც ყველა წინა მატჩში, თსუ-მ ამჯერადაც დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. მესამე პერიოდში ვარეზე 22 ქულით დაწინაურდა, მაგრამ კახა ჯინჭარაძის ორი სამქულიანის წყალობით, მეოთხე პერიოდის დასაწყისში ანგარიშში სხვაობა ათამდე შემცირდა – 57:67.
თუმცა ჯგუფის ფავორიტთან გასამარჯვებლად საქართველოს ჩემპიონს ძალა აღარ ეყო.
თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა სერბმა ლეგიონერმა, ნიკოლა ვუიოვიჩმა (10 ქულა, 13 მოხსნა), ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი იყო, მან 20 ქულა, 3 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა, 18 ქულა შესძინა გუნდს კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 12 ქულა და 5 მოხსნაა.
ასე და ამგვარად, თსუ-მ ფიბა-ევროპის თასზე გამოსვლა ღირსეულად დაასრულა. ჩვენს გუნდს საბოლოოდ ექვსიდან ერთი მოგება დაუგროვდა, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამ მატჩში ბოლო წამებზე დამარცხდა.