თსუ-მ და ჩემპიონმა მოგებით დაიწყეს | ფუტსალი
თსუ-მ და ჩემპიონმა მოგებით დაიწყეს | ფუტსალი
საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „თბილისის“ დაპირისპირებით დაიწყო.
 
დაძაბული შეხვედრის პირველმა ნახევარი ფრედ 2:2 დამთავრდა. მატჩის განახლებიდან მეშვიდე წუთზე „თსუ“ დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე დავით გეგეშიძემ დუბლი გაიფორმა და „უნივერსიტეტელებმა“ მეტოქე 4:2 დაამარცხეს. თბილისის რიგებიდან ორივე გოლი გიორგი ჩოხელის ანგარიშზეა.
ფუტსალის ლიგის პირველი ტურის მეორე შეხვედრაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონი „თელასი“ ლიგის დებიუტანტ „ილიაუნს“ გაეჯიბრება და 4:1 დაამარცხა. „ენერგეტიკოსებმა“ სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. თამაშის დასრულებამდე კი, კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. „უნივერსიტეტელებმა“ საფინალო სირენამდე მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს.
ირაკლი თოდუა, „თელასისა“ და საქართველოს ნაკრების წევრი: „მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტ გუნდს შევხვდით, მაინც დაძაბული თამაში გამოდგა. „ილიაუნი“ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშითა და ახალგაზრდა ბიჭებითაა დაკომპლექტებული – ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს და ჩემპიონატში ერთ-ერთი ფავორიტია. ჩვენ კი ნაკრების წევრებით ვართ დაკომპლექტებული და მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა. რაც მთავარია, პირველი სამი ქულა ავიღეთ და ეტაპობრივად ვეცდებით, რომ ყველა ტურში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ“.
ფუტსალის ლიგის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა 7 დეკემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ადგილობრივი „მართვე“ დაუპირისპირდებიან.