თსუ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე - ძლიერ მეტოქესთან ღირსეული ბრძოლის მოლოდინში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წინასწარი ტურის მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ჩემპიონი უნგრეთის „ბერეტიუიფალუს“ ხვალ, 28 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში უმასპინძლებს. უეფა-ს ახალი ფორმატით, წყვილში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებებში გამოვლინდება.
საქართველოს ჩემპიონს ძლიერი მეტოქე შეხვდა, რომელსაც ესპანელი მწვრთნელი და ძლიერი ლეგიონერები ჰყავს. თსუ-ს მწვრთნელი და ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ უნგრელებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ.
დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „მოწინააღმდეგე ჩემპიონატს ატარებს და ამ კუთხით ჩვენზე წინ არიან. ჩვენ კი ოთხი კვირა შევიკრიბეთ და ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ვმუშაობდით, მაგრამ ეს ერთი თამაშია და ყველაფერია მოსალოდნელი. შესაძლოა, სუსტმა ძლიერი დაამარცხოს და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, საამისოდ კი მაქსიმალური კონცენტრაცია დაგვჭირდება“.
მიხეილ თევზაძე, თსუ-ს კაპიტანი: „ძლიერი მეტოქე გვყავს, ესპანელი მწვრთნელითა და ლეგიონერებით, მაგრამ ყველაფერს შევეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
თსუ-მ ჩემპიონობა ყოფილ ჩემპიონ „თელასთან“ ფუტსალის ლიგის უმძიმეს ფინალურ სერიაში მოიპოვა. უნგრელებთან შეხვედრამდე გუნდი ფეხბურთელებით გაძლიერდა – მათ შორის კონკურენტის, „თელასის“ ორი ლიდერია – შოთა თოფურია და ვახტანგ ჯვარაშვილი, რომლებიც გუნდს ევროგათამაშებაში დაეხმარებიან. ამ თანხმობით „თელასმა“ აჩვენა, რომ მისთვის საქართველოს ჩემპიონის წარმოჩენა გუნდურ ინტერესზე მაღლა დგას და უდავოდ მისაბაძი მაგალითია. ამ ორის გარდა, თსუ-მ ასევე დაიმატა ახალგაზრდა და პერსპექტიული გიორგი ღავთაძე, გამოცდილები – ლევან კობაიძე, შოთა ჭანუყვაძე, და ვახტანგ კეკელია, რომელიც უცხოეთში თამაშობდა.
შოთა თოფურია, თსუ-ს მოთამაშე: „გუნდი კარგად გაძლიერდა და იმედია, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვიქნებით. დამატებულები ათი დღეა, რაც თსუ-სთან ვვარჯიშობთ და უკეთესი შეთამაშება გვჭირდება. თუმცა, ბიჭები ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და იმედია, ერთიანობით და ბრძოლით სასურველ შედეგს მივაღწევთ. ეს არ არის მხოლოდ თსუ-სთვის თამაში, ესაა მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის და ვეცდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ“.
საქართველოსა და უნგრეთის ჩემპიონების შეხვედრა ხვალ, 28 ნოემბერს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 16:00 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს „ტელესკოლის“ ეთერში შემოგთავაზებთ.