თრილერი „მიხეილ მესხზე“ - „საბურთალომ“ 0:2-ზე თამაში შემოატრიალა და მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრა, რომელიც „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართა, უდავოდ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იყო, სადაც გულშემატკივარმა იხილა ბევრი გოლი, სადაც ყვითელ-წითელი ბარათები დარიგდა, მატჩი კი ზავით დასრულდა.
ქობულეთის „შუქურა“ თბილისს დიდი დანაკლისით ესტუმრა. ტრავმის გამო გუნდს დააკლდა – გიორგი რეხვიაშვილი, ხოლო ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გიორგი გაფრინდაშვილი, ირაკლი კომახიძე, გელა გოგიტიძე, ნიკუშა ჭანტურია, ჟუნინიო კაბრალი და დავით მუჯირი. ჯამში „შუქურას“ რვა მოთამაშე დააკლდა და სათადარიგოებში მხოლოდ სამი ფეხბურთელი იჯდა.
მიუხედავად დანაკლისისა, ქობულეთელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ანგარიშიც გახსნეს. მიშიკო სარდალიშვილის დარტყმული მეკარე ოთო გოშაძემ მოიგერია, რომელიც ზურაბ მუსელიანის დამატებულსაც გადაეღობა, მაგრამ სარდალიშვილის მეორე მცდელობას ვეღარაფერი მოუხერხა 0:1.
ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. მაგრამ ნიკა მალის, თორნიკე ძებნიაურისა და შოთა ნონიკაშვილის შორეული დარტყმები კარს აცდა. „საბურთალოს“ რეალური შანსი 33-ე წუთზე ჰქონდა. კარის წინ ქობულეთელთა მეკარე ჯონი შეროზიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მასპინძელთა შემტევს, თომა ტაბატაძეს მცველი, კახა კაკაშვილი ფეხებში ჩაუხტა და „შუქურა“ გადაარჩინა. შესვენებამდე კი შოთა ნონიკაშვილის და გიორგი ერისთავის დარტყმების შემდეგ ქობულეთელები ძელმა გადაარჩინა.
შედეგით უკმაყოფილო „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე რისკზე წავიდა და შესვენებაზე ცვლილებები განახორციელა: მარცხენა მცველი გიორგი ლაცაბიძე შემტევი ნახევარმცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით ჩაანაცვლა, ხოლო ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილი – თავდამსხმელით, აკაკი შულაიათი. მაგრამ გოლი ისევ სტუმრებმა გაიტანეს. სარდალიშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ზურაბ მუსელიანმა მცველებს დაასწრო და მართალია, მეკარე ოთო გოშაძემ პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ „შუქურას“ შემტევმა დამატებაზე სტუმართა უპირატესობა გაზარდა 0:2.
მატჩის ბოლოს გიჟური ფეხბურთი იყო. კორღალძე დიდ რისკზე წავიდა, საყრდენი თორნიკე ძებნიაური მოხსნა და მოედანზე თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე შეუშვა, გუნდი კი რეალურად მხოლოდ 2 მცველით დარჩა. თბილისელები სხვაობის შემცირებას მთელი ძალებით ცდილობდნენ. გიორგი ერისთავის დარტყმული მეკარე ჯონი შეროზიამ ნახტომში მოიგერია. თამაშს ინტრიგა 74-ე წუთზე დაუბრუნდა, როდესაც გიორგი კოხრეიძის წამოწყებული შეტევა აკაკი შულაიამ გააგრძელა, რომლის დარტყმულიც მცველმა მოიგერია, მაგრამ იური ტაბატაძემ დამატებაზე სხვაობა შემაცირა. ერთ წუთში კი მანვე შულაიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა 2:2.
მატჩის ბოლოს ორივე გუნდი უტევდა, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. არბიტრს წითელი ბარათის ჩვენებაც მოხდა, როდესაც ნიკა მალიმ ქობულეთელთა კონტრშეტევა უხეშად შეაჩერა და მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
საბოლოოდ, ეს სანახაობრივი, დაძაბული და დრამატული შეხვედრა 2:2 დასრულდა და 8 ტურის შემდეგ „საბურთალოს“ ანგარიშზე 11 ქულაა. გუნდი ამ მაჩვენებლებით „დილას“ და „ლოკომოტივს“ გაუთანაბრდა, მაგრამ პირად შეხვედრებში მოგებით გადაასწრო და მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა, „შუქურამ“ კი 8 ქულა დააგროვა და ისევ მე-6 ადგილზე დარჩა.
საბურთალო – შუქურა 2:2
11.04. 2021. თბილისი. „მიხეილ მესხი – არენა“
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 მუსელიანი (60. სარდალიშვილის პასი), 1:2 ი. ტაბატაძე (74), 2:2 ი. ტაბარაძე (75. შულააის პასით)
საბურთალო: გოშაძე – მალი, კაკუბავა, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე (46. გოჩოლეიშვილი) – შ. ნონიკაშვილი, ძებნიაური (61. კოხრეიძე) – ერისთავი (85. მანდრიჩენკო), ლ. ნონიკაშვილი (46. შულაია), ი. ტაბატაძე – თ. ტაბატაძე (61. ამინუ)
შუქურა: ლუკა შეროზია – ფარტენაძე, კაკაშვილი, კალანდია, ხმალაძე – გურეშიძე, ჯეფერსონ ჯერალდო – ინგოროყვა (58. ექვთიმიშვილი), ჩელებაძე, სარდალიშვილი (85. როხვაძე)- მუსელიანი
მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი
გაფრთხილებები: ლაცაბიძე (34), კაკაშვილი (45+2), მუსელიანი (48), ძებნიაური (48), ჩელებაძე (67), მალი (72), გურეშიძე (73), ჯეფერსონ ჯერალდო (90+2)
გაძევება: მალი (90+4. მეორე ყვითელი)