Tribuna.com-ი - გიორგი წიტაიშვილი „პოლესიეში“ გადასვლას არ ადასტურებს #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი ჟიტომირის „პოლესიეში“ გადასვლას არ ადასტურებს, – ინფორმაციას გამოცემა Tribuna.com-ი ავრცელებს.
ჟიტომირის „პოლესიე“ წელს ევროტურნირზე პირველად ითამაშებს. კლუბმა უკვე გამოაცხადა „დინამო თბილისის“ მარჯვენა მცველის, გიორგი მაისურაძის დამატების შესახებ.
გიორგი წიტაიშვილს რაც შეეხება, მისი ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის. შემტევი ნახევარმცველი ბოლოს იჯარით ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. „პოლესიეში“ მის ტრანსფერზე ინფორმაცია თითქმის ყველა უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა. ისიც ითქვა, რომ 23 წლის ფეხბურთელით თურქეთის სუპერლიგის გუნდი „კონიასპორიც“ დაინტერესდა.
„საინფორმაციო პორტალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი წიტაიშვილი „პოლესიეში“ გადავა. თუმცა ჩვენ შევიტყვეთ, რომ წიტაიშვილი ჯერ არ განიხილავს კარიერის ჟიტომირის გუნდში გაგრძელების ვარიანტს“, – ამტკიცებს Tribuna.com-ი.
წიტაიშვილმა კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა. იჯარით თამაშობდა „ვორსკლაში“, „ჩერნომორეცში“, კრაკოვის „ვისლასა“ და პოზნანის „ლეხში“. მისი ბოლო კლუბი ბათუმის „დინამო“ იყო. გიორგის კონტრაქტი კიეველებთან 2025 წლის 30 ივნისს სრულდება. Transfermarkt-ი ფეხბურთელის ტრანსფერს 800 ათას ევროდ აფასებს.
წიტაიშვილმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ოთხივე შეხვედრაში ითამაშა.