ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდებიან - მოსიაშვილმა და გადრანმა ვარჯიში განაახლეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა თვენახევრის დაწყებულია, მაგრამ ტრავმირებულები ყველა გუნდში არიან – ზოგიერთმა უკვე იმკურნალა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.
ტრავმით გამოწვეული რამდენიმე კვირის პაუზის შემდეგ, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში ცოტნე მოსიაშვილმა განაახლა. გორის „დილას“ 27 წლის ნახევარმცველი 8 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრისას დაშავდა და პირველი ტაიმის ბოლოს შესაცვლელი გახდა.
ტრავმის შემდეგ ბოლნისის „სიონს“ ცენტრალური მცველი გიორგი გადრანი დაუბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო. გადრანი ეროვნული ლიგის მეორე ტურში, „თელავთან“ მატჩში დაშავდა და რამდენიმე კვირა გაუცდა.
ყველაზე მეტად ტრავმისგან მაინც ქუთაისის „ტორპედო“ დაზარალდა. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „თელავთან“ ქუთაისელებს 12 ფეხბურთელი დააკლდათ, რომელთა ნაწილიც გუნდის საკვანძო მოთამაშეა – როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, ლაშა შერგელაშვილი, ვანო ჩარგეიშვილი, გია მანჯგალაძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი არაბიძე, გიორგი კუხიანიძე, აკაკი შულაია, საბა გოგლიჩიძე, ვასილის კარაგუნისი და ირაკლი ბუღრიძე.