ტრავმის გამო ლაშა დვალის თამაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში საეჭვოა #1TVSPORT
ლაშა დვალი კვიპროსის ჩემპიონ აპოელ-ს დაუბრუნდა და სეზონისთვის მზადება დაიწყო. თუმცა საკონტროლო შეხვედრის დროს მოედანი მცირე დისკომფორტის გამო დატოვა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ჩემპიონი ხინჩეშტის „პეტროკუბს“ დაუპირისპირდება, რომელმაც წელს ოქროს მედალი მოლდოვის უცვლელ ჩემპიონად შერაცხულ ტირასპოლის „შერიფს“ ჩამოართვა.
მატჩამდე აპოელ-მა გენერალური რეპეტიცია აეკ-თან გაიარა და ამხანაგური შეხვედრა გოლის გარეშე დაასრულა. საქართველოს ნაკრების მცველი ნიქოზიის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ, კვიპროსული მედიის ცნობით, მე-12 წუთზე კუნთში დისკომფორტი იგრძნო და რისკის თავიდან ასაცილებლად შეცვალეს.
პირველადი ინფორმაციით, შესაძლოა, გუნდმა კვლავ არ გარისკოს და ლაშა დვალი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში არ ათამაშოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან დაკავშირებით ორშაბათს მიიღებენ.
აპოელ-ი „პეტროკუბს“ 23 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი მატჩი 30 ივლისს მოლდოვაში ჩატარდება.