საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მარტის ამხანაგურ შეხვედრებში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, დონეცკის ”შახტარის” მცველი ვლადიმერ ვაისმა შეკრებაზე გამოიძახა, მაგრამ საწვრთნელ პროცესს ტრავმის გამო გამოაკლდა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უახლოეს ვარჯიშზე, ლაშა დვალი შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ პოლონური „პოგონის“ 22 წლის მცველმა ექსტრაკლასას ბოლო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ამ ეტაპზე, ეროვნულ გუნდში 22 ფეხბურთელი ვარჯიშობს – დვალი 23-ე ფეხბურთელი იქნება. წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 19 მარტიდან თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის“ ბაზაზე ემზადება.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, როდის გამართავს პრესკონფერენციას ვლადიმირ ვაისი – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიას 22 მარტს, 17.30 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ შეხვდება. 19 საათზე კი, ეროვნული გუნდი ”ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საქართველო ლიტვას შეხვდება, ხოლო 27 მარტს – ესტონეთს. ორივე ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.