TransferRoom-ი - მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დასრულდეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დასრულდეს – ინფორმაციას „ლივერპულთან“ დაკავშირებული ვებგვერდი LFC TransferRoom-ი ავრცელებს:
„გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით „ვალენსიამ“ და „ლივერპულმა“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, გარიგება, შესაძლოა, შაბათს, 24 აგვისტოს დასრულდეს“.
ამასობაში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ მორიგ სიახლეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თანხის მიღება მაქსიმალურად სწრაფად სურს.
„ესპანური კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერიდან შემოსული თანხის (სავარაუდოდ, 35 მილიონი ევრო) რეინვესტირებას მოახერხებენ. „ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის გარიგებაში იჯარის პუნქტიც გათვალისწინებულია, მაგრამ კლუბები გადახდის პირობების შესათანხმებლად მუშაობენ.
როდის გადაიხდის „ლივერპული“ ამ ფულს? „ვალენსიას“ თანხა რაც შეიძლება მალე სჭირდება, რათა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი რეინვესტირება შეძლონ და ახალი ფეხბურთელები დაიმატონ“, – განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.