„ტრანსფერმარკტი“ - კვარაცხელიამ ნეაპოლელებს ინსინიე დაავიწყა, მისი საბაზრო ღირებულება კიდევ გაიზრდება #1TVSPORT
Transfermarkt-მა განაახლა სერია A-ს 80 მოთამაშის საბაზრო ღირებულება, გაზარდა რამდენიმე ახალი ვარსკვლავის შეფასება, ხოლო ზოგიერთი მოთამაშის შეამცირა. „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი საგრძნობლად გაიზარდა და 15 მილიონის ნაცვლად 35 მილიონი ევრო გახდა.
გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ინტერნტ-გვერდმა განახლებულ ფასებზე წერილი გამოაქვეყნა – „სერია A-ს შეცვლილი საბაზრო ღირებულებები: კვარაცხელია „ნაპოლიში“ გაბრწყინდა“.
„იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩი კვლავ რჩება იტალიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ, რომლის ფასი 85 მილიონი ევროა. ამ განახლებისას ერთი მოთამაშე უდავოდ გამოირჩევა, „ნაპოლის“ მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის საბაზრო ღირებულება 15 მილიონი ევროდან 35 მილიონ ევრომდე გაზარდა“, – ვკითხულობთ Transfermarkt-ზე.
Transfermarkt-ის იტალიის რეგიონულმა მენეჯერმა ჯატინ დიტლმა განმარტა, რატომ იყო თავდამსხმელი სეზონის პირველ ტურებში ერთ-ერთი საუკეთესო და როგორ სწრაფად შეცვალა ნეაპოლელი ფანების ყოფილი ფავორიტი.
„ლორენცო ინსინიე, რომელიც „ტორონტოში“ გადავიდა, თითქმის დავიწყებულია. კვარაცხელიას მთელ იტალიაში აფასებენ, როგორც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ სატრანსფერო გადატრიალებას. თუ ასე გააგრძელებს, მაშინ საბაზრო ღირებულების ამჟამინდელი ზრდა მხოლოდ მცირე შუალედური ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნავს დიტლი.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა:
1. ვიკტორ ოსიმენი 65 მილიონი
2. პიოტრ ზელენსკი 40 მილიონი
3. ხვიჩა კვარაცხელია 35 მილიონი
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ გადაიყვანა. იტალიური კლუბის ფორმით ჩატარებული პირველივე თვეში ქართველი თავდამსხმელი იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა და იტალიის მოთამაშეთა პროფესიულმა კავშირმა თვის მოთამაშედ აღიარეს.