ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა - დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად დადასტურდა – ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია. ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ბოლოს 21 წლის ფეხბურთელი ტულას „არსენალში“ თამაშობდა, მაგრამ სანაკრებო შეკრებაზე წასულმა ფიფა-ს გადაწყვეტილებით ისარგებლა, რუსულ კლუბთან კონტრაქტი შეაჩერა და დროებით ბათუმის „დინამოში“ თამაში ამჯობინა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, საქართველოს ჩემპიონატში შემადგენლობაში დებიუტიც ამ გუნდის ფორმით 2017 წლის 29 სექტემბერს ფოთის „კოლხეთ-1913“-თან მატჩში შედგა. მაგრამ „დინამო“ დატოვა და 2018 წლის ზამთარში კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა.
2019 წლის თებერვალში შეკრება ყაზანის „რუბინთან“ ერთად გაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი გაფორმდებოდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი სრულწლოვანი გახდებოდა. მაგრამ საბოლოოდ კონტრაქტი არ გააფორმეს და ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.
2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი მაინც გააფორმა და მისი რუსული კარიერა აქედან დაიწყო. 2021 წელს იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაირიცხა, ხოლო გასულ ზაფხულში ტულას „არსენალში“ ჩაირიცხა.
დავითაშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში იყო კაპიტანი – 17, 19 და 21-წლამდელებში. 2017 წელს, ყაზახეთის პრეზიდენტის თასის ბომბარდირი გახდა. 2019 წლის 5 სექტემბერს სამხრეთ კორეის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. მას შემდეგ „ჯვაროსნების“ ფორმა 16 შეხვედრაში მოირგო, გაიტანა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მამამისი, სულიკო დავითაშვილი, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი. ამჟამად კი მწვრთნელია.