ტრანსფერი კონფერენსლიგამდე - გორის „დილამ“ განელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილამ“ კონფერენსლიგამდე განელი ნახევარმცველი დანკვა სტეპენ ბადუ დაიმატა და მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
23 წლის დანკვა სტეპენ ბადუ საყრდენი ნახევარმცველისა და მარცხენა შემტევის პოზიციაზე თამაშობს. ბოლოს განის პრემიერლიგის „რეალ ტამალ იუნაიტედში“ გამოდიოდა. არსებული ინფორმაციით, აფრიკელი გორელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„დილას“ ნახევარდაცვაში ტრავმის გამო კაპიტანი ნიკა გაგნიძე დააკლდა, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის მატჩში დაშავდა და დაახლოებით თვე-ნახევარი გუნდს ვერ დაეხმარება.
კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონს, „დუნაისკა სტრედას“ შეხვდება. პირველ მატჩს გორელები 13 ივლისს სლოვაკეთში გამართავენ, საპასუხოს კი 20 ივლისს გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ჩაატარებენ.