ტრანსფერი დღეს უნდა დასრულდეს - ბელგიური გამოცემა ჩაკვეტაძის „სლოვანში“ გადასვლაზე წერს #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა walfoot-ის ცნობით, „გენტი“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავას „სლოვანს“ შეუთანხმდა და ტრანსფერი დღეს გამოცხადდება.
„გენტი“ ყოფილ დიდ ტალანტს სლოვაკეთში უშვებს
„გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას „სლოვანში“ გადადის – „გენტის“ ყოფილი დიდი ტალანტი სლოვაკეთში ითამაშებს. „ბრიუგეს“ მცველის, სიმენ ვოეტის შემდეგ, ბრატისლავის „სლოვანში“ გიორგი ჩაკვეტაძე ითამაშებს.
გიორგი ჩაკვეტაძე „სლოვანს“ სლოვაკეთში შეუერთდება. ნახევარმცველი „გენტმა“ 2017 წელს ქართული კლუბ „დინამო თბილისიდან“ 1,5 მილიონ ევროდ იყიდა. „გენტმა“ მაშინ 17 წლის შემტევი ნახევარმცველი ცხვირწინ გამოსტაცა „ლივერპულს“, „ტოტენჰემს“, „ჰოფენჰაიმს“ და ლევერკუზენის „ბაიერს“, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო, „გენტში“ ვერ გაიბრწყინა.
ჯამში ჩაკვეტაძემ 80 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. წინა სეზონში ის იჯარით გამოდიოდა „ჰამბურგში“, სადაც ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს უნდა დასრულდეს“, – წერს ბელგიური გამოცემა.