თქვენთან უამრავი დაუვიწყარი მოგონება დამიგროვდა - ღუდუშაური ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი პაატა ღუდუშაურმა დატოვა – მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შემტევი ნახევარმცველი კარიერას ისრაელში, „ბნეი სახნინში“ გააგრძელებს.
„პაატა, წარმატებას გისურვებთ სპორტული კარიერის ახალ ეტაპზე და მადლობა ჩვენს გუნდში გატარებული დასამახსოვრებელი პერიოდისთვის“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
ფეხბურთელი კი გუნდს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენთან გატარებული ორი წლის განმავლობაში უამრავი დაუვიწყარი მოგონება დამიგროვდა, რომელსაც, ვფიქრობ, ვერასოდეს დავივიწყებ. ძალიან ემოციურია ჩემთვის გუნდში თითოეული დღის გახსენება. პატივი იყო ჩემთვის ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში მონაწილეობის მიღება.
მადლობა, მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა, ზრუნავდა ჩემს განვითარებაზე და მამხნევებდა. მადლობა ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, მთლიანად გუნდის სტაფს ნდობისთვის. მადლობა ჩემს ძალიან მაგარ თანაგუნდელებს, რომლებთანაც უამრავი კარგი ემოცია მაკავშირებს.
განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც, შედეგის მიუხედავად, გვამხნევებდნენ და ჩვენს გვერდით იდგნენ. მადლობა „პირატებს“ იმ ემოციებისთვის, რაც მათგან მიმიღია ამ დროის განმავლობში. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. წარმატება, მინდა, ვუსურვო „დინამო“ ბათუმს. ვრჩები მისი გულშემატკივარი. მიყვარხართ“, – წერია პაატა ღუდუშაურის განცხადებაში.