თქვენ ვერ გაამართლეთ ჩვენი იმედები - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ნაკრებით და საქართველოსთან წაგებით აღშფოთებულია #1TVSPORT
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების წევრებით აღშფოთება არ დამალა მას შემდეგ, რაც კვირა საღამოს რაზგრადში, ერთა ლიგის მატჩში საქართველოსთან 2:5 დამარცხდნენ. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა კი ბულგარეთის სამარცხვინო თამაშის შემდეგ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა – ამის შესახებ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალურ ვებგვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.
„ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი აღშფოთებას გამოხატავენ ბულგარეთის ნაკრების საქციელის გამო საქართველოსთან კატასტროფული მარცხის დროს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეროვნული მაისური არის პატივი, სიამაყე და დიდი პასუხისმგებლობა – ყველა ეს თვისება ბოლო მატჩში გვაკლდა. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში გუნდის გაახალგაზრდავებისა და წარმატებისთვის არსებული ყველა წინაპირობის მიუხედავად, შედეგებმა და თამაშმა არ გაამართლა არა მხოლოდ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობის, არამედ მთელი ბულგარეთის მოლოდინი“, – წერია განცხადებაში.
დღეს, 7 ივნისს, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტი სხდომას გამართავს და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ვარიანტებს განიხილავს.
„დროებით, ერთა ლიგის ტურნირის მომდევნო ორ მატჩში გუნდს კავშირის სპორტული დირექტორი გიორგი ივანოვი უხელმძღვანელებს“, – ნათქვამია საფეხბურთო კავშირის წერილში.
კომენტარი გააკეთა ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ახლო წარსულის ცნობიილმა ვარსკვლავმა იორდან ლეჩკოვმაც:
„ბულგარეთის ჩემპიონატში მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვჭირდება, მაგრამ კლუბის პოლიტიკა ლეგიოონერების ჩამოყვანას ემყარება. გეორგი ივანოვის მიზანია, ახალწვეულებს შანსი მისცეს და შევქმნათ ამ გუნდის ხერხემალი და შემდეგ შესარჩევზე ვიფიქროთ“.