„ტოტენჰემ ჰოტსპურს“ სთავაზობენ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო იჯარით აიყვანოს. ასეთი წინადადება ლონდონელებმა „ბარსელონასგან“ მიიღეს და ესპანელებმა ფასიც დაასახელეს – 9 მილიონი ევრო წელიწადში. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ ინსაიდერი“ ავრცელებს.
ამჟამად კოუტინიო იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს. გერმანელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, თუმცა ისევ იჯარის წესით, რადგან 120 მილიონი ევროს გადახდა ამ მოთამაშეში არ სურთ.
რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიელებს უნდათ, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს დაემშვიდობონ ფეხბურთელს და პრიორიტეტად მის გაყიდვას მიიჩნევენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კოუტინიო ისევ იჯარით წავა სხვა გუნდში, მაშინ „ბარსელონას“ ხელმძღანელობას სურს, რომ ახალმა კლუბმა მისი ხელფასი, კვირაში 222 ათასი ევრო, მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს.