„ტორპედოსთან“ ინციდენტის გამო - შესაძლოა, „აქტობემ“ საშინაო მატჩები გულშემატკივრების გარეშე ითამაშოს #1TVSPORT
ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის საგანგებო სხდომაზე კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მომხდარი ინციდენტი განიხილეს და შესაძლოა, ამის გამო „აქტობე“ დასაჯონ – ინფორმაციას KazFootball.kz ავრცელებს.
„სხდომაზე კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრისას (1:2) „აქტობეს“ გულშემატკივრების დაუშვებელი ქმედებები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც ზემოაღნიშნული მატჩის მასპინძელმა, საფეხბურთო კლუბმა „აქტობემ“ დაარღვია უეფა-ს, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის და ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესები.
ასევე, ამ ორგანიზაციების პატივისა და რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომაზე შემოთავაზებული იქნა აქტობის ცენტრალური სტადიონის გაურკვეველი ვადით დისკვალიფიკაციის საკითხი“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.
საქმე ისაა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ, გულშემატკივრების ნაწილმა, ქართული გუნდის წევრების მისამართით ბოთლები და სხვა საგნები ისროლა. ამ ინციდენტის გამო, შესაძლოა, „აქტობე“ უეფა-მაც დასაჯოს.