„ტორპედოში“ სტივ კინს „კარდიფის“ ყოფილი მწვრთნელი დაეხმარება #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, ქუთაისის „ტორპედომ“ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ კლუბის სამწვრთნელო შტაბში სიახლეა.
„კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას პორტუგალიელი ნილტონ ტეროსო დაიკავებს. პროლიცენზიის მქონე გამოცდილი მწვრთნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა. კარიერის ძირითადი დრო ინგლისურ „კარდიფში“ აქვს გატარებული, სადაც ის ფიზმომზადების მწვრთნელი გახლდათ. მთავარი მწვრთნელის რანგში კი პორტუგალიურ „ოლანენშეს“ წვრთნიდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
30 ივნისს სამტრედიაში გასამართ სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ტორპედოს“ განაცხადში სამ ახალ ფეხბურთელს ვიხილავთ. ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ სერბი ფილიპ კლიაიჩი, ავღანელი რაჰმატ აკბარსი და კამერუნელი ეკონგოლო ნკუმბა ითამაშებენ. სამივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად იმყოფება, მათთან კონტრაქტები უკვე გაფორმდა.
„ტორპედოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრანსფერები ამით არ სრულდება, კლუბი კიდევ გაძლიერდება რამდენიმე ფეხბურთელით, რომლებიც გუნდს სუპერთასის შემდეგ შეუერთდებიან.