„ტორპედოში“ პორტუგალიელი ლეგიონერი ვარჯიშობს - ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის #1TVSPORT
„ტორპედოში“ პორტუგალიელი ლეგიონერი ვარჯიშობს - ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის #1TVSPORT

თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში პორტუგალიელი ლეგიონერი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს თასის მფლობელთან ერთად, რამდენიმე დღეა ალდაირ ნეტო ვარჯიშობს. პორტუგალიელი საყრდენი ნახევარმცველი ხარკოვის „მეტალისტთან“ (0:0) საკონტროლო მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ალდაირ ნეტო 28 წლისაა. ის ანგოლაშია დაბადებული, მაგრამ პორტუგალიაში იზრდებოდა და „სპორტინგისა“ და „ბრაგას“ აკადემიებში ვარჯიშობდა. პროფესიული კარიერა 2013 წელს „ოიერაში“ დაიწყო, ასევე ითამაშა „ფატიმაში“, „მარიტიმუში“, „გაფანიაში“, 2019 წელს კი უელსის „ბანგორ სიტიში“ გადავიდა.

ნეტო 2020 წელს ალბანური „შკენდიას“ მოთამაშე გახდა, იმავე წელს ჩრდილოეთ მაკედონიის „პელისტერში“ ჩაირიცხა, ხოლო 2021 წლიდან აზერბაიჯანული „შამახის“ ღირსებას იცავდა. „ტორპედოში“ მისი დარჩენის საკითხი შეკრების შემდეგ გადაწყდება.