დიდი ალბათობით, ქუთაისის „ტორპედოს“ საკითხი დადებითად გადაწყდება და გუნდს იტალიელები ჩაიბარებენ. საბოლოო პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი. ამ ინფორმაციას „ტორპედოს“ გულშემატკივრების წარმომადგენელი ლევან ფილიპაშვილი ავრცელებს.
„ფეხბურთის ფედერაციამ ამ ცხრა თვის მანძილზე ბევრჯერ აღმოუჩინა გუნდს მატერიალური და ასევე არამატერიალური დახმარება. რომ არა მათი გვერდით დგომა, ალბათ გუნდი მეოთხე ლიგაში აღმოჩნდებოდა. მადლობა სახელმწიფოს, რომელმაც გამონახა იტალიელი ინვესტორი და ჩვენი ინფორმაციით, ისინი მზად არიან, მაღალი დონის გუნდი შექმნან ქუთაისის „ტორპედოს“ სახით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, – წერს ლევან ფილიპაშვილი.
ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა ქუთაისის „ტორპედოს“ დროებით მმართველთან, თემურ ჩეჩელაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც იტალიელებზე კლუბის გადაცემის სურვილი დაადასტურა.
„დიახ, „ტორპედოში“ იტალიელები მოდიან და რაც ვიცი, ეს საკითხი გადაწყვეტილია. ამას ამბობს ყველა, ვისაც ამ მოლაპარაკებასთან შეხება გააჩნია. საკითხი ამ კვირაში უნდა დასრულდეს და წესით, ყველაფერი შემდეგ კვირას გაოფიციალურდება“ – ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.
საქართველოს პირველ არხს ასევე უთხრეს, რომ დავალიანების საკითხიც გვარდება, გუნდის ყოფილმა მეპატრონე ზაზა ჩაჩავამ აღიარა ვალი და გუნდს ლიცენზირების პრობლემა არ შეექმნება. თუმცა, ჯერ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ კეთდება.