ფოთის „კოლხეთთან“ მოგებულ (5:2) მატჩში ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში სადებიუტო თამაში ჩაატარა გუნდის აკადემიის აღზრდილმა ლუკა რეხვიაშვილმა, რომელმაც ემოციური კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ „ტორპედოს“ მაისურით პირველი თამაში ჩავატარე. ძნელია იმ ემოციებისა და გრძნობების გადმოცემა, რაც დამეუფლა. მადლობა გუნდს და სამწვრთნელო შტაბს ასეთი შესაძლებლობისთვის.
ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. „ტორპედოს“ მაისურით მოედანზე გატარებული ყოველი წუთი უდიდეს სტიმულს მაძლევს“, – განაცხადა ლუკა რეხვიაშვილმა.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელი ათამაშა – 18 წლის ალეკო ბასილაძე და 19 წლის ჯუბა დვალიშვილი, მაგრამ ნახევარმცველი ლუკა რეხვიაშვილი ყველაზე ახალგაზრდაა – „ტორპედოს“ დებიუტანტი 16 წლისაა.