„ტორპედოს“ სპორტული დირექტორი - ის ფეხბურთელები დავიმატეთ, რომელთა დიდი იმედიც გვაქვს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ სპორტულმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ გუნდის სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა და კომენტარი ახალწვეულებზეც გააკეთა.
„ჩვენი ახალწვეულებით კმაყოფილები ვართ. მათი შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა. მთავარი მწვრთნელი, გენერალური დირექტორი და კლუბის ხელმძღვანელობა ვმუშაობდით იმაზე, რომ გუნდში პოზიციები გაგვეძლიერებინა“, – ამბობს გიორგი შენგელია.
მისი თქმით, მთავარი მომენტი კონკურენციის შექმნა იყო.
„უპირველეს ყოვლისა, ვცდილობთ, რომ კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ. ეს არის იმის საწინდარი, რომ გუნდმა თამაშს მოუმატოს და გაცილებით უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ, ისეთი, როგორიც ქუთაისის „ტორპედოს“ შეეფერება. ბევრი ვიმუშავეთ და ის ფეხბურთელები დავიმატეთ, რომელთა დიდი იმედიც გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ ჯემალ ხერხაძის სახელობის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე, კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი ფეხბურთელები ოფიციალურად წარადგინა – მცველები ლევან გეგეჭკორი და პორტუგალიელი პედრო მონტეირო, ასევე ნახევარმცველი მერაბ გიგაური.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას ქუთაისურ კლუბში „საბურთალოდან“ დააბრუნეს ფლანგის შემტევი ნოდარ ქავთარაძე, ხოლო „სამტრედიიდან“ მარჯვენა მცველი გიგი მჭედლიშვილი დაიმატეს.
ქუთაისის „ტორპედო“ სეზონს 7 აგვისტოს, საქართველოს თასის 1/16-ფინალში „ვიტ ჯორჯია 2“-თან მატჩით განაახლებს, ხოლო ეროვნულ ლიგას 15 აგვისტოს, „საბურთალოსთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.